ვლადიმერ ორლოვი -ბელორუსია
ბაბუა ხვედარის უკანასკნელი სიყვარული

ბაბუა ხვედარი

უკვე 85 წლის

არითმია

სტენოკარდია

მესამე ინფარქტი



ბაბუას

ავიწყდება დაბანა

დალევა წამლის

ჩარეცხვა ტუალეტის,

სავადმყოფოს ტუმბოდან

ხარბად ჭამს რაღაცას, ობიანს

აქვს შიში სიმაღლის.



ბაბუამ

ისწავლა კითხვა,

ისწავლა სულ ორი კლასი,

სანამ პარტიზანები გადაწვავდნენ ბელორუსულ სკოლებს

სანამ დახვრეტდნენ ახალგაზრდა მასწავლებელს

რომელიც ჯგუფურად გააუპატიურეს.

და სანამ დაიწყებოდა სამუდამო არდადეგები.



ბაბუა

კითხულობს დამარცვლით

ვიღაცის დატოვებულ პრიალა ჟურნალს

კითხულობს ყოველდღე

ერთსა და იმავე გვერდზე

სადაც თინა ტერნერია

მინი კაბით

მიკროფონით ტუჩებთან ახლოს

გადაღებული რაკურსით

ქვევიდან-ზევით.



ბაბუას

არ აწუხებს რასობრივი ცრურწმენა

მალავს ჟურნალს ბალიშის ქვეშ

რთავს ღამის ნათურას

უყურებს თინას და

დაკოჟრილი თითებით.

ეფერება ფოტოს



ერთხელაც ვნახე სიზმარი

პალატაში შემოდის ქალბატონი თინა

შემოდის როგორც ოზონი

მინი კაბით,

მიკროფონით,

თანხლებით დაცვის.

ასეთ ტანს უთუოდ ჭირდება მცველი.



მაღვიძებს

ოზონის ფეთქვა

და სავადმყოფოს აურზაურში

ვხედავ ბაბუა ხვედარს

ტუჩებზე შეჰყინვია

ბედნიერი ღიმილი.

რაც ნიშნავს იმას,

რომ სინამდვილეში

აქ იყო თინა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.