ეს იყო ერთხელ,
ესე იგი - იქნება კიდევ.
იყო აბსტრაქცია,
და არ ითხოვდა სინამდვილეს.
ღამე გვასწავლიდა
და ჩვენ ვიზეპირებდით
სიტყვას - ”გაკვირვება”.
იყო მდგომარეობა - ახლა,
და არა გუშინ
და არა სამარადისოდ.
იყო სიცოცხლე
და არ გვყოფნიდა.
იყო სივრცე,
დინებაც იყო და
არ იყო ნაპირი.
დღეს -
ვიღვიძებ ისე,
როგორც სხვის საწოლში.
აღარ მახსოვს პაროლი,
რომლითაც შემოვდიოდი შენში.
ვსწავლობ და ვიზეპირებ
სიტყვას¬ - ”შიში”.
ვარ სადგური -
სადაც არ ჩერდებიან მატარებლები.
ვარ ადგილი -
სადაც გაჩერდა სადგური.
ცარიელია სიტყვა - ”სიმშვიდე”,
ისევე როგორც სიტყვა - ”მშვიდობით”.
მე გეუბნები - დრო მკურნალია.
შენ მპასუხობ - დრო ავადაა.
ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.