უკან დაბრუნება
წონასწორობა

გამოეზარდა ჩემი სახლი კედლებად მიწას.

ვწერ ნებადართულ მარტოობაზე.

 

დამშრალი სისხლის უდაბნოში მზე ჩადის,

ფრთხილად, კარები იკეტება!

ნუ მოაყოლებ კარში იმედს,

წინაპრის მიერ დატოვებულ მარშრუტზე - ნიშანს.

 

შემოაბრუნე მზერა შიგნით,

რიტმი შეუწყვე ქვების ნელ და ნესტიან სუნთქვას.

 

ექსკალატორს ჩაატანე,

ჩაკეცე ყველა მეორეხარისხოვანი ცოდვა,

იფიქრე ზემოთ დარჩენილთა ამინდებზე,

მათ ქარი შუბლს უნაოჭებს.

 

დათვალე ლამპიონები,

ჩამქრალებიც მიათვალე, -

ისინი ოდესმე ანათებდნენ.

 

ეს გზა

სიხარულის გამხელასავით უხერხულია

და

 

გაიწელა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.